ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ერთობლივი წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, დააბრუნონ ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე, საქართველოს დროშასთან ერთად.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე ევროკავშირის დროშის ამოღება გამოფენილი სიმბოლიკიდან ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებას და კონსტიტუციას.
"ბატონო შალვა, საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში წევრობისკენ არის ხალხის მიერ არჩეული და საქართველოს კონსტიტუციით დადასტურებული განცხადებული ეროვნული ინტერესი.
წელს, როცა საქართველო ევროკავშირისგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პასუხს ელოდება, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებზე ევროკავშირის დროშის ამოღება გამოფენილი სიმბოლიკიდან საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებას და კონსტიტუციურ დავალებას ეწინააღმდეგება. განსაკუთრებით, რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის ფონზე, ეს კიდევ ერთი ჩვენებაა „ქართული ოცნების“ მიერ ევროპისთვის ზურგის შექცევის. ხელისუფლება ვალდებულია, კონსტიტუციით გარანტირებული ხალხის ნება აღასრულოს და ამის გამოხატულება უზრუნველყოს, მათ შორის და არამხოლოდ, დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი სიმბოლიკით. დროშა არ არის მხოლოდ თემატური დეკორაცია, ეს არის პოლიტიკური განაცხადი და შესაბამისი შინაარსი, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანია ევროპა და არავის აქვს უფლება მოქალაქეთა ნებაზე მაღლა დააყენოს საკუთარი ინტერესები.
მოგიწოდებთ, დააბრუნოთ ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე, საქართველოს დროშასთან ერთად, როგორც ეს იყო გასულ წელს. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია ხოლო ევროკავშირის სიმბოლიკის ადგილი, საქართველოს დროშის გვერდით!", - აღნიშნულია ოპოზიციონერი დეპუტატების წერილში.
ხელს აწერენ დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, თინათინ ბოკუჩავა, ანა ბუჩუკური, დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი, დავით ბაქრაძე, რომან გოცირიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, ბექა ლილუაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, თამარ ჩარკვიანი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა, ქეთევან თურაზაშვილი, ალექსანდრე ელისაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი, ეკატერინე ხერხეულიძე, დავით ხაჯიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, დევი ჭანკოტაძე, ანა წითლიძე, ცეზარ ჩოჩელი, სულხან სიბაშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, გუბაზ სანიკიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, კობა ნაყოფია, აკაკი მინაშვილი, დავით კირკიტაძე, მანუჩარ კვირკელია, აბდულა ისმაილოვი, გიორგი გოდაბრელიძე, თეიმურაზ ჯანაშია.
გასული წლისგან განსხვავებით, 26 მაისთან დაკავშირებით პარლამენტის შენობა ევროკავშირის დროშით აღარ გააფორმეს. ამის გამო ხვალ, მსვლელობა, სახელწოდებით, საქართველო ირჩევს ევროპას დაანონსდა. ორგანიზატორების განცხადეებით, მოქალაქეები 10:30 საათზე რუსთაველის ძეგლთან ევროკავშირის დროშებით შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტის ტერიტორიისკენ გაემართებიან.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სადღესასწაულო გაფორმება ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ხდება.